მედეა სულამანიძე
"სამამულო ომი" -კულტი, საბჭოთა პროპაგანდა, თანამედროვე მეხსიერება


2020 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. ერთი შეხედვით, 75 წელი საკმარისი უნდა იყოს ისტორიული მოვლენის მეხსიერებაში ფიქსირებისთვის, მაგრამ პოსტ-საბჭოთა სივრცეში „დიდი სამამულო ომის“ თემა ყოველი 9 მაისის მოახლოებისას სხვადასხვა ფორმით ცოცხლდება. ცოცხლდება, როგორც ისტორიული ტრავმა და როგორც თანამედროვე კრემლის იარაღი ჰიბრიდულ ომში. პროპაგანდა კი ახლაც ისევე შერჩევითია ისტორიის მიმართ, როგორც საბჭოთა კავშირში.

საბჭოთა კავშირისთვის მეორე მსოფლიო ომი ფორმალურად 1945 წლის 9 მაისს გერმანიაზე "დიადი და სახელოვანი გამარჯვებით" დასრულდა, მაგრამ ომმა, რომელმაც ყოველი მერვე საბჭოთა მოქალაქის სიცოცხლე და საბჭოთა ეკონომიკის მესამედი გაანადგურა, სსრკ-ში არავინ დატოვა ტრავმის გარეშე. ცხადია, პროპაგანდა არასოდეს აღიარებდა მეორე მსოფლიო ომის რეალურ სახეს: მტირის უეცარი თავდასხმები, მარცხი, ათასობით ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის ბედი გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში,
ჯარისკაცთა და პატიმართა მასობრივი სიკვდილიანობა, მილიობით დასახიჩრებული ადამიანი, შიმშილი და ტერორი „კოლაბორაციაში ეჭვმიტანილთა“ წინააღმდეგ... საბჭოთა მოქალაქეების გაღებული რეალური მსხვერპლი არასოდეს გამხდარა "სამამულო ომის"ოფიციალური ნარატივის ნაწილი. ომის დასრულების შემდეგ სისხლიანი და დამანგრეველი გამოცდილება სტალინის შექმნილ მარტივ ფორმულად იქცა: საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა მშვიდობას ემსახურებოდა, მაგრამ ნაცისტური გერმანიის ღალატის და თავდასხმის შემდეგ საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა „აქტიურ თავდაცვასა და კონტრ-შეტევაზე“ გადასულიყო.

ვიქტორ კორეცსკი, 1942:
"წითელარმიელო, გადაგვარჩინე!"
საბჭოთა პროპაგანდას 1945 წლიდან ორი მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა - უნდა გაემართლებინა 1939-1941 წლებში ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაცია და ბრწყინვალე გამარჯვების სიდიადით გადაეფარა სტალინის მიერ 1941 წელს დაშვებული შეცდომები, რომელთა შედეგებისგან განკურნებას სსრკ-მ თითქმის ერთი დეკადა მოანდომა.

1946 წლიდან სტალინის მმართველობის დასრულებამდე სამამულო ომი და მასთან დაკავშირებული შეცდომები თუ ტრავმები თანდათან ტაბუირებულ თემად იქცა. ამის კარგი ილუსტრაციაა 1946 წელს გამარჯვების მთავარი შემოქმედის - მარშალ გიორგი ჟუკოვის ჩამოცილება სამხედრო ელიტიდან და 1947 წელს 9 მაისის ეროვნული დღესასწაულების სიიდან ამოღება. სტალინის მმართველობისას მხოლოდ ერთხელ ჩატარდა სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმიც - 1945 წლის 24 ივნისს.

ომის შემდეგ მთლიანად ქრება ფრონტის და ომის უშუალო მონაწილეების მოგონებების ამსახველი ლიტერატურა, ფრონტის რეპორტიორების მოგონებები და ჩანაწერები. მაგალითად, ბერლინის ბრძოლის ეპიზოდებს ამსახველი ანთოლოგია „ქარიშხალი ბერლინის თავზე“, თანდათან გაქრა პრესის ფურცლებიდან. სამაგიეროდ 1945 წლიდან აქტიურად გამოიცემა და ქვეყნდება ომის პერიოდში სტალინის სტიყვით გამოსვლების კრებული. მალევე გამოიცა სტალინის მოკლე ბიოგრაფია, რომლის მთავარი მიზანი სამამულო ომში სტალინის „გენიის“ წარმოჩენა იყო და ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებას სტალინის მიაწერდა. ხოლო თუ გადავხედავთ საბჭოთა კინოს, 1946-1953 წლებში გამოსული 124 ფილმიდან მხოლოდ 4 შეეხებოდა ომის თემატიკას. მათ შორის ყველაზე პოპულარული ფილმები - ბერლინის დაცემა ("Падение Берлина") და სტალინგრადის ბრძოლა ("Сталингра́дская би́тва") ორიენტირებული იყო სწორედ სტალინის პირადი დამსახურების წინ წამომწევაზე.

მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადახედვა 1956 წლიდან - დესტალინიზაციის პერიოდში დაიწყო ნიკიტა ხრუშოვის ინიციატივით. ამ პერიოდში პროპაგანდის მიზანი სამამულო ომში გამარჯვების და სტალინის პიროვნების ერთმანეთისაგან გამიჯვნა იყო. განსხვავებით სტალინიზმის პროპაგანდისგან ამჯერად ისტორიკოსებს გამარჯვება მთელი საბჭოთა ხალხის და კომუნისტური პარტიის ერთობლივ მიღწევად უნდა წარმოეჩინათ, ხოლო შეცდომებზე პასუხისმგებლობა სტალინის ერთპიროვნულ მმართველობას უნდა დაკისრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 1957-1967 წლებში 150-მდე მემუარი და ასობით სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა სამამულო ომის შესახებ, ისტორიის სრულყოფილი თხრობა არც სტალინის შემდეგ გამხდარა შესაძლებელი - ამჯერად “სამამულო ომში” გამარჯვებას ცივი ომის პროპაგანდაში კომუნიზმის პოზიციები უნდა გაემყარებინა.

1960-იანების პოსტერი, წარწერა : "მსოფლიო გადავარჩინეთ, მსოფლიო დავიცავით!"

1960-იან წლებში ჩამოყალიბდა სამამულო ომის ახალი დისკურსი, რომელიც საბჭოთა კავშირს ერთდროულად გერმანიის თავდასხმის მსხვერპლად და მსოფლიოს ნაციზმისგან მხსნელ მესიად წარმოაჩენდა. სამამულო ომის კულტის დასაწყისად პირობითად 1965 წლის 9 მაისის გრანდიოზული აღლუმი შეგვიძლია მივიჩნით. ამის შემდეგ გამარჯვების დღე მალევე გამოცხადდა დასვენების დღედ და ეროვნულ დღესასწაულად. 9 მაისის აღლუმებმა ჩაანაცვლეს მუშათა საერთაშორისო დღის და ოქტომბრის რევოლუციის სამხედრო აღლუმები. სამამულო ომის პატრიოტული დისკურსი სამოციანი წლებიდან საბოლოოდ ანაცვლებს კომუნისტურ იდეოლოგიას.



ომი იქცა "წმინდა" მოვლენად - რელიგიურ რანგში აყვანილ კულტად, რაც ისტორიის შერჩევითად ხსოვნასაც გულისხმობდა. ამის საუკეთესო მაგალითი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის და 1939-1941 წლების მიჩქმალვაა.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ უკვე რუსეთი ცდილობს სამამულო ომის მეხსიერების და საბჭოთა დისკურსის გამოყენებას საშიანო და საგარეო პოლიტიკის მიზნებისათვის. სამამულო ომის ნარატივს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პირადად ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ ლეგიტიმაციაში. გამარჯვების დღის მაშტაბური, რიტუალური აღნიშვნებით პუტინი კიდევ ერთხელ ქმნის"დიადი გამარჯვების" მითოლოგიას. მითს, რომელშიც თანამედროვე რუსეთი საბჭოთა კავშირის "მესიანისტური მისიის" გამგრძელებელი ზე-სახელმწიფოა. ამ ნარატივით კრემლის პროპაგანდა არა მარტო პუტინის ავტორიტარულ მისწრაფებებს ამართლებს, არამედ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ცდილობს "რბილი ძალის" გამყარებას.
ქართულ რეალობაში სამამულო ომის მეხსიერების ჰიბრიდული ომის იარაღად გამოყენება საკმაოდ ხშირია. ეს ბუნებრივიცაა, მეორე მსოფლიო ომი ჩვენთვისაც ისტორიული ტრავმაა - მსოფლიო ომს 300 000 ქართველის სიცოცხლე შეეწირა, უფროსი თაობისთვის ომში დაკარგული მამების, ბაბუების ხსოვნა ჯერკიდევ ცოცხალი, პირადი მეხსიერებაა. ამიტომაც ცდილობენ პრო-რუსული, კრემლისაგან მართული ჯგუფები და მედია საშუალებები ამ თემით მანიპულირებას. საზოგადოების პროდასავლურ და ლიბერალურ ნაწილს კი საბჭოთა კავშირისთვის მებრძოლი ვეტერანების და ასობით ათასი დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.


პრორუსული გამოცემა "საქართველო და მსოფლიო" პერიოდულად აქვეყნებს ორიგინალურ ან რუსული პორტალებიდან ნათარგმნ სტატიებს მეორე მოსფლიო შესახებ, ხშირად ისტორიული ფაქტების მანიპულაციური დამოწმებით. სტატიის ბმული : http://geworld.ge/ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B/
საქართველოს ეროვნული არქივი ქართველი ჯარისკაცების მიერ ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის ფრონტიდან გამოგზავნილ 891 წერილს ინახავს. თუკი სადმე შეიძლება მივაკვლიოთ სამამულო ომის ავთენტურ მეხსიერებას, მეხსიერებას, საბჭოთა კულტისა და პროპაგანდის მიღმა, ალბათ სწორედ ამ წერილებში. აქ კი უფრო ხშირად წერენ ძვირფასი ადამიანების მონატრებზე, სიცივის აუტანლობაზე, უძილობაზე ან უკან დაბრუნების მოლოდინზე, ვიდრე - ცნობილ შეძახილს "სამშობლოსთვის! სტალინისთვის!"
მითების დეტექტორის ლაბორატორია

2020 წელი
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website